04/09/2026
⭕ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტს“ Free Media Award გადაეცემა. როგორც ნორვეგიული ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, „აი, ფაქტი” ჯილდოს საქართველოში საზოგადოებრივი ინტერესის მაღალი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებისთვის მიიღებს, მათ შორის, იმ თემების გაშუქებისთვის, რომელთა დაფარვასაც გარკვეული ძალები ცდილობენ.
„iFact-ის, საგამოძიებო ჟურნალისტები დგანან ქვეყანაში რუსეთის გავლენისა და „ქართულ ოცნებასთან“ მისი კავშირების, ასევე სახელმწიფო დონეზე ელიტაში არსებული კორუფციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი გამოძიების უკან.
„აი, ფაქტის" იმ ჟურნალისტურ გამოძიებებს შორის, რომლებმაც საზოგადოებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, არის მასალები ქვეყნის სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფის, საქართველოს საზღვრების ე.წ. „მწვანე დერეფნებად“ გამოყენებისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის, ასევე ქართული ორგანიზაციებისთვის რუსეთის მიერ პრორუსული შეხედულებების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით გაწეული დაფინანსების შესახებ.
უმაღლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით, „აი, ფაქტმა” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზღვრებს შორის ჟურნალისტურ თანამშრომლობაში და საერთაშორისო საგამოძიებო პროექტებში. მზარდი ზეწოლის მიუხედავად, „აი, ფაქტი” კვლავაც მტკიცე და სანდო მედიაპლატფორმად რჩება“ - ნათქვამია Fritt Ord Foundation-ის განცხადებაში.
⭕ Free Media Award არის ჯილდო, რომელსაც ნორვეგიული Fritt Ord Foundation და გერმანული ZEIT-Stiftung Bucerius ყოველწლიურად გადასცემენ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც გამოირჩევიან თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საქმიანობით.